ჯარას თაფლის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტი

ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის ლოგო პროდუქციაზე წარმოადგენს ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის გარანტიას, რომ მწარმოებელი აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემული წარმოების სტანდარტებს.

 ჯარას სკა:

  • ხის სკა ორ ნაწილად გაყოფილი და გამოთლილი ხის მორისგან უნდა დამზადდეს
  • ჯარას სკის მიახლოებითი ზომებია: სიგრძე: 80-120 სმ, გარე დიამეტრი: 40-60 სმ, შიდა დიამეტრი: 25-35 სმ
  • სკა უნდა დამზადდეს მსუბუქი და გარემო პირობებისადმი მდგრადი ხის მასალისგან, როგორიც არის ცაცხვის ხის (Tilia Caucascica) მასალა ან ნაძვის ხის (Picea Orientalis) მასალა
  • ჯარას სკის დამზადებისას ლურსმნის გამოყენება არ შეიძლება, დაშვებულია მხოლოდ ხის მასალის გამოყენება. სკის ქვედა ნახევარს უნდა ჰქონდეს სამი ცალი 1 სმ დიამეტრის ფუტკრის საფრენები
  • სკის ზედა ნახევარს უნდა ჰქონდეს ე.წ. „გამყოფი“, ზედა ნაწილში დამაგრებული ხის ფიცარი, რომელიც სკის თაფლის მოსავალს ორ ნაწილად ჰყოფს: ფუტკრის ოჯახისთვის განკუთვნილი ფიჭის წინა ნაწილი, რომელსაც მეფუტკრე არ უნდა შეეხოს*, და უკანა ნაწილი, რომელიც მეფუტკრის მიერ ამოსაღები მოსავალია. „გამყოფი“, არა მხოლოდ ჰყოფს ფიჭას ორ ნაწილად, არამედ, მას ასევე აქვს ჩრჩილის საწინააღმდეგო, დამცავი ფუნქცია. რეკომენდებულია „გამყოფის“ დამზადება ნაძვის ხის ფესვისგან რომლის სპეციფიური სუნიც აფრთხობს და შესაბამისად იცავს სკას ჩრჩილისგან.

ფიჭის წინა ნაწილი უნდა განახლდეს ორ წელიწადში ერთხელ, რაც გულისხმობს ძველი ფიჭის ჩამოჭრას მესამე და მეოთხე წელს, რომლის შემდეგაც ფუტკრის ოჯახი ახალი ფიჭის ჩამოშენებას იწყებს. მესამე წელს უნდა ჩამოიჭრას ფიჭის წინა ნაწილი, სადაც არ არის ბარტყი, მეოთხე წელს კი დარჩენილი ძველი ნაწილი. ორი წლის შემდეგ, პროცესი კვლავ უნდა განმეორდეს. ფიჭის განახლება ძირითადად ხდება თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში, ღალიანობოს ძირითადი პერიოდის დაწყებამდე. 

  • საფარი, სადაც ჯარებს მკაცრი კლიმატური პირობებისგან დასაცავად ათავსებენ, ხის მასალისგან უნდა დამზადდეს

 გარემო:

  • ჯარას სკები უნდა განლაგდეს ბიომრავალფეროვნებით მდიდარ გარემოში ცენტრიდან დაშორებულ, ტყეებით გარშემორტყმულ სოფლებში
  • ჯარას სკები უნდა განთავსდეს მინიმუმ 3 კმ-იან დისტანციაზე პოტენციური დამაბინძურებლებისგან, როგორიცაა, მჭიდროდ დასახლებული ურბანული გარემო, ინდუსტრიული ზონები და ქარხნები, პესტიციდებით დამუშავებული მსხილი ნაკვეთები/ფერმები, მაგისტრალები და ხშირად გამოყენებადი მთავარი/ტრანზიტული გზები.

ცვილი:

  • აკრძალულია ხელოვნური ცვილის და ცვილიანი ჩარჩოების ჯარაში გამოყენება; ჯარაში ფიჭა ბუნებრივად უნდა იყოს ჩამოშენებული ფუტკრის ოჯახის მიერ.

კვება:

  • ჯარას სკაში ფუტკრის ოჯახის დამატებით საკვებად დაშვებულია მხოლოდ ჯარას თაფლი
  • ფუტკრის ოჯახის დამატებითი კვება თაფლით, დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როგორიცაა, მკაცრი კლიმატური პირობები, როდესაც საკვების ნაკლებობამ შესაძლოა ფუტკრის ოჯახის დაღუპვა გამოიწვიოს.

მკურნალობა:

  • მეფუტკრის ჩართულობა მინიმალურია და დასაშვებია მხოლოდ მკურნალობის ან თაფლის ამოღების დროს
  • ფუტკრის ოჯახების მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა სუბსტანციებითა და რეგისტრირებული ბიო ვეტერინალური პრეპარატებით (ეკოსტოპი, მჟაუნმჟავა, მურავინკა, ნოზესტატი). მკურნალობასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხელმძღვანელეთ „ბიო სერტიფიცირების გზამკვლევი მეფუტკრეებისთვის“.

განსაკუთრებული შემთხვევები:

  • დაავადებების კრიტიკულ ზღვარზე მიღწევის შემთხვევაში, როდესაც ეკოლოგიურად სუფთა სუბსტანციები არაეფექტური ხდება, ფუტკრის ოჯახის დაღუპვის თავიდან აცილების მიზნით, მეფუტკრეს უფლება აქვს გამოიყენოს რეგისტრირებული ქიმიური ვეტერინარული პრეპარატები (იხ. ცხრილი #1). აღნიშნული ქმედება უნდა განხორციელდეს ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციასთან შეთანხმებით და ვეტ. ექიმის კონსულტაციით
  • ევროპული ან ამერიკული სიდამპლის შემთხვევაში, სკა უნდა განადგურდეს (დაიწვას).
  • ზემოთ მოყვანილი ნებისმიერი შემთხვევის შესახებ უნდა ეცნობოს ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციას, შესაბამისი რეკომენდაციების გასაცემად და მკურნალობის პროცესის მონიტორინგის მიზნით. ფუტკრის პროდუქტების გაყიდვა დაუშვებელია, თუკი მეფუტკრემ ქიმიური ვეტერინარული პრეპარატები გამოიყენა. მკურნალობის შემდგომ, ჯარას თაფლის გაყიდვა ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის ლოგოს გამოყენებით ერთი წლის განმავლობაში არ შეიძლება.

ცხრილი #1

 დაავადების ტიპი  რეგისტრირებული ქიმიური ვეტ პრეპარატი
 ვაროატოზი  ვაროკომი, ვაროსტოპი, ეკოპილი, ბივაროლი, ფლუვალიდეზე, ა.შ.
 ნოზემატოზი  ნოზესტატი, ბიპინ-ტ, ფლუმისანი 
 ასკოსფეროზი (ჩაკილური ბარტყი)  ასკოვეტი, ასკოვარი, ფუნგისანი

ჯარას თაფლი

  • ჯარას თაფლი არ უნდა იყოს გაფილტრული, პასტერიზებული ან ჰომოგენიზირებული; ის შეიძლება იყოს ფიჭიანი ან გამოწურული
  • თაფლის ამოღება უნდა მოხდეს სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს, სუფთა ხელებს, მხოლოდ ბუნებრივი შესაბოლებელი საშუალებების გამოყენებას (მაგ: გამხმარი სიმინდის ტარო), ფიჭების ამოჭრას უჟანგავი დანით,  მხოლოდ სურსათისთვის დასაშვები ინვენტარის გამოყენებას
  • ჯარას თაფლის შეფუთვა და ეტიკეტირება უნდა მოხდეს სურსათის უვნებლობის სტანდარტის დაცვით. ეტიკეტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: პროდუქტის დასახელება, ნეტო წონა, ვარგისიანობის ვადა, მწარმოებლის დასახელება  საკონტაქტო ინფორმაციით, წარმოების ქვეყანა, კვებითი ღირებულება, წარმოების თარიღი და პარტიის ნომერი, შენახვის პირობები და ინფორმაცია ალერგენების შესახებ.