ჯარას მეფუტკრეთა ასოციაცია აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული ასოციაციაა, რომელიც საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების წევრია 2019 წლიდან. ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის მიზანია ჯარას მეფუტკრეების გაძლიერება, მათი წარმოჩენა და ინტერესების დაცვა, წევრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და ბიო სერტიფიცირების პროცესში დახმარება, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველჰყოფს ჯარას მეფუტკრეების ფინანსურ კეთილდღეობას.
ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის სახელზე შეიქმნა ჯარას თაფლის საპრომოუშენო ვებ-გვერდი www.jarahoney.com და კატალოგი, რომლის მიზანიცაა როგორც ჯარას თაფლის, ასევე, ჯარას მეფუტკრეების პოპულარიზაცია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე. ასოციაცია აქტიურად ახდენს ჯარას თაფლის წარმოჩენას როგორც ადგილობრივ ფესტივალებზე, ასევე მეფუტკრეობის საერთაშორისო გამოფენებზე, რის შედეგადაც ჯარას თაფლზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება. შესაბამისად, ჯარას თაფლის წარმოება მიმზიდველი ხდება როგორც გამოცდილი, ასევე, დამწყები მეფუტკრეებისთვის.
მიზნები
ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის მიზნებია:
- ტრადიციული გეჯური მეფუტკრეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დაინტერესებულ მხარეებთან გაზიარება/წარმოჩენა;
- ჯარას მეფუტკრეების მუდმივად განახლებადი, დეტალური მონაცემთა ბაზის წარმოება;
- ჯარას თაფლის ხარისხის ნიშნის მინიჭება და წევრების მიერ ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტის ინსპექტირება და შენარჩუნება;
- ასოციაციის წევრებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის კონსულტაციების გაწევა, კავშირების დამყარება;
- ასოციაციის წევრებისათვის ბიო სერტიფიცირების მოთხოვნებისა და პროცედურების გაცნობა, ცნობიერების ამაღლება, გამოცდილების გაზიარება და სერტიფიცირების პროცესის მონიტორინგი;
- ჯარას მეფუტკრეთა ინტერესების წარმოჩენა და ადვოკატირება;
- ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალებზე მონაწილეობა, ჯარას თაფლის წარმოჩენა და კავშირების დამყარება;
- თაფლის სექტორში მიმდინარე პროცესების ანალიზი და ასოციაციის წევრების ინფორმირებულობა, კანონმდებლობაში მიმდინარე ცვლილებების გაცნობა;
- ჯარას თაფლის პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული აქტივობების განხორციელება.
ჩვენი პასუხისმგებლობა
გეჯური მეფუტკრეობა მსოფლიოში არც ისე ბევრგანაა შემორჩენილი. საქართველოშიც მეფუტკრეები თანამედროვე მეთოდებს ირჩევენ თაფლის მისაღებად. თუმცა, მაღალმთიანი აჭარა გამორჩეული იყო ამ მხრივ. რამოდენიმე ადგილობრივი მკვიდრი რთულ, მაგრამ საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებდა, თუმცა აღნიშნულ პრაქტიკას მივიწყება ემუქრებოდა. 2018 წელიდან, როდესაც ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციამ დაიწყო მუშაობა ამ უძველესი ტრადიციული მეფუტკრეობის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის მიზნით, მოხდა ჯარას მეფუტკრეებისა და ამ უნიკალური და მაღალი ხარისხის პროდუქტით დაინტერესებულ მყიდველების დაკავშირება და მას შედეგ ხდება ჯარას თაფლის კომერციული შეგროვება. შედეგად, ჯარას მეფუტკრეებს გაუჩნდათ სტაბილური შემოსავალი და ტრადიციული მეთოდით ჯარას თაფლის წარმოება დღითიდღე ხდება მიმზიდველი.